მარიუპოლში რუსეთის არმიის მობილური კრემატორიუმები ამუშავდა. ამის შესახებ „ტელეგრამ-არხზე“ მარიუპოლის ქალაქის საბჭო თვითმხილველებზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს.
„ბუჩაში მომხდარი გენოციდის გახმაურების შემდეგ, რუსეთის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ გასცა ბრძანება, რომ მარიუპოლში თავისი არმიის დანაშაულის მტკიცებულებები განადგურდეს“, - ნათქვამია ქალაქის საბჭოს განცხადებაში.
ქალაქის საბჭოს მონაცემებით, მობილურ კრემატორიუმებში მარიუპოლში დაღუპულების ცხედრებს წვავენ. ამასთან, კრემატორიუმებში მუშაობენ ადგილობრივები, რომლებიც რუსებთან თანამშრომლობას დათანხმდნენ და ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლები, რომლებიც ადგილობრივ პოლიტიკას კურირებენ. პროცესში ჩართულია პოლიტიკოსი კონსტანტინ ივაშენკო, რომელიც რამდენიმე დღის წინ მარიუპოლის მერად გამოაცხადეს. არჩეულმა მერმა ვადიმ ბოიჩენკომ მარტის ბოლოს ქალაქი დატოვა, თუმცა განაცხადა, რომ ქალაქის მცხოვრებლების ევაკუაციაზე განაგრძობს მუშაობას.
„ერთი კვირის წინ არსებული მონაცემებით, მარიუპოლში 5 000 დაღუპულის შესახებ იყო ცნობილი. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ქალაქის ფართობს, კატასტროფიულ ნგრევას, ბლოკადის ხანგრძლივობას და წინააღმდეგობას, ოკუპანტების მსხვერპლი ათობით ათასი ადამიანის შეიძლება გამხდარიყო. ამიტომ რუსეთი არ ჩქარობს თურქეთის მისიას მწვანე შუქი მისცეს და სხვა ინიციატივებს, რაც მარიუპოლიდან მოსახლეობის სრულ ევაკუაციას გულისხმობს“, - ამბობს მარიუპოლის მერი ვადიმ ბოიჩენკო.
ამასთან, ქალაქის საბჭოში აცხადებენ, რომ რუსეთის არმიის მიერ ჩადენილი მკვლელობებისა და ძალადობის პოტენციურ მოწმეებს ეძებენ, რათა გაანადგურონ.
თურქეთი მზადაა გამოყოს გემები მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობისა და დაჭრილების საზღვაო ევაკუაციის ორგანიზებისთვის. ამის შესახებ 2 აპრილს თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განაცხადა.
1-ელ აპრილს ცნობილი გახდა, რომ წითელმა ჯვარმა ალყაში მყოფი მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გადადო.
მარიუპოლის მერის მოადგილე სერგეი ორლოვმა განაცხადა, რომ ქალაქის 80-90% დანგრეულია, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა 2,3 ათასს გადააჭარბა.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ
მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს
მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას
ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება
როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს